ვიტ ჯორჯია 4:1 ალაი [ფოტო+ვიდეო]

18 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა ყირგიზეთის სამგზის ჩემპიონის, ალაი ოშის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით - 4:1 დაამარცხა.

ანგარიში დაპირისპირების მეშვიდე წუთზე გაიხსნა. ვეტერინართა ცენტრალურმა მცველმა, ალეკო ჩაკვეტაძემ მეკარე ჯონი შეროზიას ბურთი უხერხულად დაუბრუნა, თავგანწირული მცდელობის მიუხედავად ჩვენი გუნდის კიპერმა კარის გადარჩენა ვერ შეძლო და ყირგიზული გუნდი დაწინაურდა. გაშვებული გოლის შემდეგ თენგიზ კობიაშვილის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქის კარს მეტი სიმწვავით შეუტიეს. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა 17-ე წუთზე მოახერხეს. კუთხურიდან საჯარიმოში გიორგი ჭანკოტაძემ ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ზურაბ ღირდალაძემ და თავური დარტყმით გაათანაბრა - 1:1. შეხვედრის 20-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმის განხორციელება ვეღარ მოახერხა და ეპიზოდიც განიმუხტა. დაპირისპირების 38-ე წუთზე ვეტერინარებს ანგარიშში წინ გასვლის შესაძლელობა მიეცათ. შოთა დავლაშელიძის დარტყმული ბურთი ალაის მეკარემ, მახკამოვმა უხერხულად მოიგერია და წინ დაუვარდა, დამატებაზე ზურაბ ღირდალაძეს შეეძლო გაეტანა, თუმცა ბურთი კარისკენ დარტყმა ვეღარ მოაერხა და ბურთი მეკარეს მიუვიდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენმა ფეხბურთელებმა საწადელს მიაღწიეს და მორიგი გოლი გაიტანეს. გიგა გურეშიძის გამჭოლი გადაცემა ზურაბ ღირდალაძემ ოსტატურად გაატარა, საბოლოოდ ბურთი გიორგი ჭანკოტაძეს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე გუნდის მცველებსა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:1.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა ყირგიზული კლუბის კარი კიდევ ერთხელ აიღეს. ზურაბ ღირდალაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავსზემოთ გადაავლო - 3:1. საფინალო რეზულტატი 65-ე წუთზე დაფიქსირდა. გიორგი ჭანკოტაძემ კედელი გურამ გურეშიძესთან გაითამაშა, გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ამჯერადაც გაიტანა - 4:1. დარჩენილ წუთებში ვიტ ჯორჯიელებს არაერთხელ მიეცათ გოლის გატანის შესაძლელობა თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
ვიტ ჯორჯია 4:1 ალაი ოში
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (ავტოგოლი) (7’) 1:1 ღირდალაძე (17’) 2:1 ჭანკოტაძე (39’) 3:1 ღირდალაძე (51’) 4:1 ჭანკოტაძე (65’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ტაბეშაძე 75’), ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე, გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი, დავლაშელიძე, ჭანკოტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე

ალაი: მახკმანოვი, რახმანოვი, მამატოვი, ალიმოვი, ატამურაზაევი, რისტუნოვი, ახტამოვი, კიდირაკოვი, აბდურახმანოვი, ვოროვკინი, ალიმოვი

 
უკან დაბრუნება