ვიტ ჯორჯია 0:1 ნეფტეხიმიკი [ვიდეო]

20 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ რიგით მეოთხე საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენლის, ნეფტეხიმიკის წინააღმდეგ გამართა. Kamelya world hotel-ის საფეხბურთო მოედანზე შემდგარი დაპირისპირება რუსული გუნდის გამარჯვებით - 0:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი წუთები ვიტ ჯორჯიელებმა აქტიურად დაიწყეს. მეხუთე წუთზე მეტოქეს მწვავედ შეუტიეს და რუსმა მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. სტანდარტიდან მეკარის ბაქნისკენ ჩაკიდებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან გადმოვარდა, დასწრებაზე კარგად ითამაშა ცოტნე მოსიაშვილმა, საჯარიმოში ჩააბრუნა და ნეფტეხიმიკის კარის მიმართულებით თავით ირაკლი კამლაძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. ერთ წუთში რუსი ფეხბურთელები საკუთარი კარის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. ხელით თამაშის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან კარისკენ ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა და ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელებს მოარტყა. შეხვედრის 11-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სწრაფი კონტრშეტევა აწარმოეს. დავით საჯაიამ კარგ პოზიციაში მყოფი ნიკოლოზ გაბრიჩიძე მონახა, რომელმაც კახა კახაბრიშვილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა ერთცვლიანი კომბინაცია გიორგი ვაზაგაშვილთან გაითამაშა, კარისკენ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 14-ე წუთზე ნეფტეხიმიკის მოთამაშეებმა პირველად დაარტყეს ვეტერინართა კარის მიმართულებით. ვორონკინმა შორიდან ცადა გოლის გატანა, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერი, ლევან ისერგიშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა. მატჩის 22-ე წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ კორტავას მიუვიდა, რომელმაც ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები ორმხრივ ორთაბრძოლებში წარიმართა. ორივე გუნდი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების მიზნით მოედნის ცენტრში ხისტად და კორექტულად თამაშობდა. შეხვედრის 65-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გახსა. გოლი მალიაკმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს მეტოქეზე ზეწოლას. შეხვედრის 73-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის დარტყმული ბურთი, რომელიც რიკოშეტის შედეგად კარში ეშვებოდა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. მატჩის 84-ე წუთზე დიაგონალური გადაცემის შემდეგ, კახა კახაბრიშვილი ნეფტეხიმიკის მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ცრუმოძრაობით მისი ჩამოცილებად მოახერხა და კარშიც დაარტყა, თუმცა მეტოქე გუნდის მცველმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში კახაბრიშვილს კვლავ მიეცა ანგარიშის გათანაბრების შესაძლელობა, თუმცა მისი დარტყმული ამჯერად მეკარემ მოიგერია. მატჩის 88-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა ჯარიმიდან სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ძელმა და ისე გადაკვეთა მოედნის ფარგლები. კუთხურს ხიფათი არ მოჰყოლია. ვიტ ჯორჯიელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა - 0:1.

ვიტ ჯორჯია 0:1 ნეფტეხიმიკი
გოლი:
მალიაკა (პენ. 65')

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი - მუხულიშვილი, კამლაძე, სეხნიაშვილი, დანელია (ტეტუნაშვილი 70’) - ვაზაგაშვილი, მოსიაშვილი - კახაბრიშვილი, გაბრიჩიძე, საჯაია - კვარაცხელია

ნეფტეხიმიკი: კნიგა, სიტდიკოვი, სოროკინი, მოროზოვი, ტარაკანოვი, სურკოვი, ზამენევი, კორტავა, ბოიჩუკი, ვოროვკინი, მულინი
 
 
უკან დაბრუნება