ჩვენი მეტოქე - აქტობე

22 თებერვალი 2017
დღეს, თურქული საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვიტ ჯორჯია დასკვნით, რიგით მეხუთე საკონტროლო შეხვედრას ყაზახური აქტობეს წინააღმდეგ გამართავს.

მოახლოებულ მატჩამდე წარმოგიდგენთ ჩვენს სპარინგ-მეტოქეს.

საფეხბურთო კლუბი აქტობე, ამავე სახელწოდების ქალაქში 1967 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს 12 800 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე ატარებს. აქტობე ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება. გუნდს ქვეყნის პირველობა 5-ჯერ, სუპერ თასი 3-ჯერ, თასი კი ერთხელ აქვს მოგებული.

გუნდის ლეგენდად უდაოდ მარატ ხაირულინი უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც აქტობეში 2007-2009, შემდგომ კი 2010-2015 წლებში ითამაშა. აქტობეს მაისურით მარატ ხაირულინმა ჯამში 308 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო. აქტობეს ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებლები გახლავთ.

აქტობეს დებიუტი ევროთასებზე 2006/2007 წლების სეზონში ჰქონდა და მას შემდეგ დღემდე სამი ქართული კლუბის ბარიერის დაძლევა მოახერხა. 2010/2011 წლების სეზონში ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსთავის ოლიმპი გამოთიშა - 2:0, 1:1. აქტობემ  ევროპა ლიგის 2012/2013 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედოს ბარიერი დაძლია - 1:0, 1:1. ყაზახურმა კლუბმა 2014/2015 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი უშანსოდ დატოვა და - 3:0, 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრებში აქტობე ქართული გუნდის წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა. მათ აქტივში 6 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოგება და 2 ფრეა. ბურთების შეფარდება 9:2 გახლავთ.

ვიტ ჯორჯია - აქტობეს შეხვედრა ბელეკში, თბილისის დროით 16:00 საათზე, პაპილონის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.
უკან დაბრუნება