ვიტ ჯორჯია 5:0 აქტობე [ვიდეო]

22 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, აქტობეს წინააღმდეგ პაპილონის საფეხბურთო მოედანზე გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

ვიტ ჯორჯიელთა სასახელოდ, უნდა აღინიშნოს, რომ აქტობემ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. ყაზახთა სასტარტო შემადგენლობიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ იური მამუტე, რომელიც თავის დროზე ბერძნულმა პანათინაიკოსმა ბრაზილიური გრემიოდან მილიონ ევროდ შეიძინა. ამ უკანასკნელს ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში 10 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. ვიტ ჯორჯიელთა წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ოლექსანდრ ვოლოვიკმა, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა აქტობეს დონეცკის შახტიორიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა კლუბმა თავის დროზე იგი თანაქალაქური მეტალურგიდან 4 მილიონ ევროდ შეიძინა. აქტობეს კარს იცავდა ანდრეი სიდელნიკოვი, რომელიც წლების მანძილზე აქტობესა და ყაზახეთის ნაკრების ღირსებას იცავდა. მან უკანასკნელი სეზონი კაირატში გაატარა და სულ ახლახანს დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს.

თენგიზ კობიაშვილის შეგირდებს ანგარიშის გახსნა პირველივე წუთზე შეეძლოთ. ღუდუშაური-ღირდალაძე-ჭანკოტაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა. აქტობემ საპასუხო სახიფათო იერიში მეშვიდე წუთზე აწარმოა. ჟუნინიოს კარში დარტყმის შემდეგ ჯონი შეროზიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 18-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით კასიანომ დაარტყა, თუმცა ვეტერინართა კიპერმა დამაჯერებლად ითამაშა და ბურთის დამორჩილება შეძლო. დაპირისპირების 20-ე წუთზე მატჩის ბელორუსმა არბიტრმა აქტობეს მეკარე, სიდელნიკოვი გააფრთხილა, ამ უკანასკნელმა ზურაბ ღირდალაძეს საჯარიმოს გარეთ მაისურზე დაქაჩა. ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ბადრი ტეტუნაშვილმა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო იერიში, წინ ზურაბ ღირდალაძეზე გრძელი გადაცემა გააკეთა, საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი გიორგი ჭანკოტაძეს მიუვიდა, რომელმაც ცრუმოძრაობით სამი მცველი ჩამოიტოვა, გაისწორა და ზუსტად დაარტყა - 1:0. დაპირისპირების 33-ე წუთზე მსაჯმა პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დაუტოვი გააფრთხილა. საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტიდან კარის მიმართულებით გიორგი ჭანკოტაძე ურტყამდა, თუმცა კარისკენ მიმავალი ბურთი გზად ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და საბოლოოდ მეკარის ნადავლი გახდა. პირველი ტაიმის მიწურულს აქტობეს ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ სცდადეს შორი მანძილიდან კარის აღება, თუმცა შესტაკოვის ძლიერად დარტყმული ბურთი დიდი მანძილის ასცდა სამიზნეს.

მეორე ნახევარი ვეტერინარებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე ბადრი ტეტუნაშვილმა დაარტყა აქტობეს კარის მიმართულებით, მეკარეს ბურთის მოგერიება უხერხულად მოუხდა, საბოლოოდ კი მცველები გაერკვნენ სიტუაციაში და ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის 60-ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი პაატა ღუდუშაურს გადააწოდა, რომელმაც კარგ პოზიციაში მყოფ ზურაბ ღირდალაძეს უპასა, რომელმაც თავის მხრივ ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია - 2:0. სამ წუთში ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოახერხა აქტობეს კარის აღება. საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტი ვიტ ჯორჯიელებმა გაითამაშეს, მეკარის ბაქანთან არეულობის შედეგად ბურთი ალეკო ჩაკვეტაძეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 3:0. შეხვედრის 65-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძეს კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ამჯერად მეტოქის კარის ძელმა მოიგერია. დაპირისპირების 76-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის გადაცემით გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 4:0. მატჩის საფინალო რეზულტატი 89-ე წუთზე დაფიქსირდა. კახა კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ გოლი ოთარ მუხულიშვილმა გაიტანა - 5:0.
 
ვიტ ჯორჯია 5:0 აქტობე
გოლები: 1:0 ჭანკოტაძე (27’) 2:0 ღირდალაძე (60’) 3:0 ჩაკვეტაძე (63’) 4:0 ღუდუშაური (76’) 5:0 მუხულიშვილი (89’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია - ტეტუნაშვილი (მუხულიშვილი 80’), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 75’), ღუდუშაური (გაბრიჩიძე 80’) - ღირდალაძე (კახაბრიშვილი 75’)

აქტობე: სიდელნიკოვი, აიტბაევი, ვოლოვიკი, ასლანი, დაუტოვი, ჟუნინიო, საულეტი, შესტაკოვი, ბაიტანა, კასიანო, მამუტე

ხვალ, ვიტ ჯორჯია სიდეში დილის ვარჯიშს გამართავს. საღამოს კი სამშობლოში ანტალია-სტამბული-თბილსის რეისით დაბრუნდება.
 
 
 
 
უკან დაბრუნება