ვიტ ჯორჯია 7:0 ალგეთი [ფოტო+ვიდეო]

26 თებერვალი 2017
2017 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე, ვიტ ჯორჯიამ უკანასკნელი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე მარნეულის ალგეთს დაუხვდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 7:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის დებიუტში, მეხუთე წუთზე გაიხსნა. ალგეთის მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით შოთა დავლაშელიძემ ისარგებლა, რომელმაც ბურთის ჩაჭრა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, ამ უკანასკნელმა ბურთი ზურაბ ღირდალაძეს გადააწოდა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0. შეხვედრის მეთოთხმეტე წუთზე თენგიზ კობიაშვილის შეგირდებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც შოთა დავლაშელიძის გოლით დასრულდა - 2:0. ვიტ ჯორჯიელთა შემტევს ასისტენტობა გიორგი ჭანკოტაძემ გაუწია. ორ წუთში დავლაშელიძემ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი და საგოლედ ამჯერადაც გიორგი ჭანკოტაძემ უპასა - 3:0. მატჩის 29-ე წუთზე გოლის გატანის შესაძლელობა მიეცა პაატა ღუდუშაურს, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და მცირედით ააცილა მეტოქის კარს. დაპირისპირების 37-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. შოთა დავლაშელიძის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისთვის, მატჩის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო თავად დაზარალებულმა შეასრულა - 4:0. მარნეულელმა ფეხბურთელებმა ვეტერინართა კარის მიმართულებით პირველად 39-ე წუთზე დაარტყეს, გივი ბაქრაძის დარტყმული საკმაო მანძილით ასცდა სამიზნეს. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთხელ მიეცათ გოლის გატანის შესაძლელობა. საჯარიმოს მისადგომებთან გათამაშებული სტანდარტის შემდეგ, ბურთი ზურაბ ღირდალაძეს მიუვიდა, რომელმაც კარში დააარტყა, თუმცა მეტოქე გუნდის კიპერმა, ერეკლე იაკობაშვილმა, ბურთის დამორჩილება მოახერხა.

მეორე ნახევრის სტარტზე ვიტ ჯორჯიელთა შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ღირდალაძე-ღუდუშაური-დავლაშელიძე-ჩიტიშვილი-გურამ გურეშიძის კვინტეტი კახაბრიშვილი-გაბრიჩიძე-კვარაცხელია-სეხნიაშვილი-ვაზაგაშვილის ხუთეულმა ჩაანაცვლა. სტუმრებმა შეხვედრის 55-ე წუთზე ხიფათის შექმნა მოახერხეს. საჯარიმოს მისადგომებიდან ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ ოთარ გაგნიძემ დაარტყა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მატჩის 68-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კახა კახაბრიშვილმა დაუცველ კარში შეაგორა ბურთი - 5:0. ორ წუთში საჯარიმოში შესული ნიკოლოზ გაბრიჩიძის წაქცევისათვის მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი კახა კახაბრიშვილმა დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ექვსამდე გაზარდა - 6:0. გოლის გატანის კარგი შესაძლელობა მიეცა ირაკლი კამლაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ზუსტი დარტყმის განხორციელება, მისი თავური კარს საკმაო მანძილით ასცდა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, შალვა ექვთიმიშვილის გადაცემის შედეგად, კახა კახაბრიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი და საფინალო რეზულტატი დააფიქსირა - 7:0.

ვიტ ჯორჯია 7:0 ალგეთი
გოლები:
1:0 ღირდალაძე (5’) 2:0 დავლაშელიძე (14’) 3:0 დავლაშელიძე (16’) 4:0 დავლაშელიძე (პენ. 37’) 5:0 კახაბრიშვილი (68’) 6:0 კახაბრიშვილი (პენ. 70’) 7:0 კახაბრიშვილი (87’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია - ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე, ღუდუშაური - ღირდალაძე

ალგეთი: იაკობაშვილი, ბუჩუკური, თვალავაძე, ჭავჭავაძე, ხოხონიშვილი, გაგნიძე, ბაგაშვილი, ხარშილაძე, კუტალაძე, ბაქრაძე, უდუმაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: აქსაძე, ლობჯანიძე, გოგატიშვილი


 
უკან დაბრუნება