სარეზერვო გუნდმა ცხუმი დაამარცხა

27 თებერვალი 2017
ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები საფეხბურთო კლუბ ცხუმს დაუპირიპირდნენ და მეტოქე მშრალი ანგარიშით -  3:0 დაამარცხეს.

ჩვენი გუნდი მატჩის სასტარტო წუთებიდან დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. ანგარიში დაპირისპირების მერვე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან კუთხური გიორგი თიგიშვილმა ჩამოაწოდა, ბურთი ახლო ძელთან მყოფ გოჩა კვარაცხელიას მიუვიდა, რომელმაც თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება - 1:0. დაპირისპირების 15-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტი მეკარის ბაქანთან ჩაწოდდა, მცველების მიერ მოგერიებული ბურთი ცოტნე მოსიაშვილს მიუვიდა, რომელსაც საკმაო დრო ჰქონდა ბურთის გასაჩერებლად და დასამუშავებლად, კარისკენ ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა - 2:0. შეხვედრის 26-ე წუთზე გიორგი თიგიშვილის შორეული დარტყმა ცხუმის მეკარემ, გიორგი დობორჯგინიძემ დაიმორჩილა. მეტოქემ ჩვენი კარის მიმართულებით პირველად 30-ე წუთზე დაარტყა. ირაკლი იბრაგიმოვის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კარს ზემოდან გადასცდა. შეტევის 35-ე წუთზე ცენტრიდან საკუთარი გუნდის იერიში ცოტნე მოსიაშვილმა წამოიწყო, მარცხენა ფლანგზე ნიკოლოზ გაბრიჩიძეს გადააწოდა, რომელმაც კარგ პოზიციაში მყოფ გიორგი გვასალიას გადააწოდა. ამ უკანასკნელმა მეკარისაგან შორეულ კუთხეში დაარტყა და გაიტანა 3:0. ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ სოლო რეიდი განახორციელა, შორიდან კარშიც დაარტყა, თუმცა ბურთი სტუმართა გუნდის მეკარის ნადავლი გამოდგა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვიტ ჯორჯიელთა მწვრთნელმა, მერაბ კოჭლაშვილმა, ერთდროულად შვიდი ფეხბურთელი შეცვალა. სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა ხელთიგდეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნეს. შეხვედრის 75-ე და 77-ე წუთებზე ვეტერინართა კარის გადარჩენა მამია ტაბეშაძეს ორჯერ მოუხდა. ჩვენმა მეკარემ ჯერ სილაქაძის, შემდეგ კი აფშინაშვილის დარტყმულები მოიგერია. მატჩის 85-ე წუთზე კი ვეტერინართა კიპერმა პირისპირ გასულ ირაკლი იბრაგიმოვს აჯობა და მისი დარტყმულის მოგერიება მოახერხა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია II 3:0 ცხუმი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (8’) 2:0 მოსიაშვილი (15’) 3:0 გვასალია (35’)

ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, საჯაია, სეხნიაშვილი, კამლაძე, დანელია, თიგიშვილი, კვაშილავა, გაბრიჩიძე, მოსიაშვილი, კვარაცხელია, გვასალია
შეცვლაზე შევიდნენ: მუსელიანი, თაგვაშვილი, ელიზბარაშვილი, ჭუმბურიძე, ამაშუკელი, ბუზარიაშვილი, მენაბდიშვილი

ცხუმი: დობორჯგინიძე, ჩხეტია, გიორგაძე, ქიმერიძე, კიკალიშვილი, სილაქაძე, ყარსიმაშვილი, იბრაგიმოვი, ჟღენტი, ეგუტიძე, აფშინაშვილი
უკან დაბრუნება