ვიტ ჯორჯიამ ჩემპიონატი მოგებით დაიწყო [ფოტო+ვიდეო]

04 მარტი 2017
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ვეტერინართა თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწარო.

მატჩი პირველივე წუთებიდან ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. მეორე წუთზე თენგიზ კობიაშვილის შეგირდებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. კუთხურიდან გიორგი ჭანკოტაძემ სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ალეკო ჩაკვეტაძემ, ბურთს თავი ძლიერად დაარტყა და სამგურალი გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა. შეხვედრის მეათე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა საწადელს მიაღწიეს, გიორგი ჭანკოტაძის გადაცემის შემდეგ წყალტუბოლეთა საჯარიმოში პაატა ღუდუშაური აწვდიდა, სამგურალის მცველმა, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, სახიფათო ზონიდან ბურთი თავით გამოიტანა, თუმცა გადმოვარდნილი ბურთი გურამ გურეშიძეს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა 1:0. გოლიდან ოთხ წუთში ვეტერინარებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ სამგურალის კარის აღება, გიორგი ჭანკოტაძის გადაცემის შემდეგ შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 25-ე წუთზე სამგურალის საჯარიმოს მისადგომებთან საკმაოდ სახიფათო სტანდარტი დაინიშნა. გიორგი ჭანკოტაძემ ჯარიმიდან პირდაპირ კარში დაარტყა, თუმცა ბურთის ტრაექტორიას წყალტუბოლეთა კიპერი, დავით კუპატაძე, კარგად აკონტროლებდა და ბურთი ხელებში გააქვავა. დაპირისპირების 33-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით თორნიკე ჯიმშელეიშვილმა დაარტყა, ვეტერინართა მეკარეს, ჯონი შეროზიას ამ ბურთის დამორჩილება არ გასჭივებია. პირველი ტაიმის მიწურულს, 40-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს. მარცხენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა გადაცემა ცენტრისკენ გააკეთა, სადაც ზურაბ ღირდალაძე კარგად გარკვა სიტუაციაში, ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი შოთა დავლაშელიძისკენ გაატარა, რომელმაც მეკარისაგან შორეულ კუთეს დაუმიზნა, ძლიერად დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 55-ე წუთზე,  ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. გიორგი ჭანკოტაძის გადაცემის შედეგად შორი მანძილიდან ზურაბ ღირდალაძემ ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 2:0. შეხვედრის 70-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძეს თავად შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი სამგურალის მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 76-ე წუთზე გიგა გურეშიძის გადაცემის შემდეგ, შოთა დავლაშელიძემ ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიცილა, კარისკენ მოტრიალდა, დაარტყა და გაიტანა - 3:0. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთი ვეტერინართა კარის ბადეს ზემოდან დაეცა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში თავის გამოჩენის შესაძლებლობა შეცვლაზე შემოსულ თორნიკე მოსიაშვილს მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი წყალტუბოელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. უკანასკნელ წუთზე მოსიაშვილს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ამჯერად მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

ვიტ ჯორჯია 3:0 სამგურალი
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (10’) 2:0 ღირდალაძე (55’) 3:0 დავლაშელიძე (76’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე (მუხულიშვილი 81’), ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 77’), ღუდუშაური (კახაბრიშვილი 70’), ღირდალაძე

სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, ნერგაძე, კილაძე, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე (ლაღაძე 46’), გოგიჩაიშვილი, ხარაბაძე, ციცხვაია (დემურ ჩიხლაძე 46’), ჩხეტიანი (ლაშა ჩიხლაძე 83’)

გაფრთხილება: ექვთიმიშვილი - ბანძელაძე, დემურ ჩიხლაძე, ცოტნე ხარაბაძე




მეტი ფოტოების სანახავად ეწვიეთ >>>ბმულს<<<

უკან დაბრუნება