სარეზერვო გუნდი ალგეთთან დამარცხდა

06 მარტი 2017
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე მარნეულის ალგეთს უმასპინძლეს. ხისტ და დაძაბულ ორთაბრძოლაში ვიტ ჯორჯიელებმა მატჩი 1:2 დათმეს.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში სტურებმა გახსნეს. ავთო ბაგაშვილმა შეტევის მარცხენა ფრთაზე ილია გუჯარაიძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში მყოფ გივი ბაქრაძეს ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა თავური დარტყმით გაიტანა - 0:1. დაპირისპირების 35-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ავთო ბაგაშვილმა გოლად აქცია - 0:2. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე გიორგი თიგიშვილმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ალგეთის მეკარემ, ერეკლე იაკობაშვილმა, ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი ვიტ ჯორჯიელთა კარნახით დაიწყო და ასეც წარიმართა. პირველივე შეტევაში ჩვენ ფეხბურთელებს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება მიეცათ. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ირაკლი კალმაძემ დაარტყა და კარს ახლო მანძილიდან ააცილა. შეხვედრის 48-ე წუთზე გოჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გიორგი გვასალიამ ქუსლით დაარტყა მარნეულელთა კარისკენ, თუმცა მეტოქე გუნდის კიპერს ბურთის აღება არ გაჭირვებია. ორ წუთში გოჩა კვარაცხელიამ თავად დაარტყა ალგეთის კარისკენ, თუმცა ბურთი გზად მოწინააღმდეგე გუნდის მცველს შეეხო და კუთხურზე გადავიდა. მატჩის 63-ე წუთზე ვეტერინარებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ შეტევაში კარგად ჩართულ გოგა დანელიას გადააწოდა, რომელმაც მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ბურთთან პირველი გიორგი გვასალია აღმოჩნდა, რომელმაც მეკარისაგან დაუცველ კუთხეში გადაგზავნა ბურთი - 1:2. შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო ზურაბ სეხნიაშვილს, რომელის თავური დარტყმაც მცირედით ასცდა ალგეთის კარს. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა ზურაბ მუსელიანმა, რომელმაც დამასრულებელ ფაზაში ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და კარს ააცილა.
 
ვიტ ჯორჯია II 1:2 ალგეთი
გოლები: 0:1 ბაქრაძე (21’) 0:2 ბაგაშვილი (35’ პენ.) 1:2 გვასალია (63’)
 
ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, დანელია, კამლაძე, სეხნიაშვილი, მაზანაშვილი (ამაშუკელი 39’), თიგიშვილი, კვაშილავა (მუსელიანი 81’), გაბრიჩიძე, თაგვაშვილი (ნაჭყებია 84’), კვარაცხელია, გვასალია

ალგეთი: იაკობაშვილი, გოგატიშვილი (ხოჯანაშვილი 82’), თვალავაძე, ჭავჭავაძე, ხოხონიშვილი, გაგნიძე, კუტალაძე, უდუმაშვილი, გუჯარაიძე, ბაგაშვილი, ბაქრაძე

გაფრთხილება: კვაშილავა, თიგიშვილი - ბაქრაძე

 

უკან დაბრუნება