ზუგდიდი 0:3 ვიტ ჯორჯია

11 მარტი 2017
ეროვნული ლიგა ორის მეორე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად, ზედა ეწერის საფეხბურთო მოედანზე გამართა. ვეტერინარები ზუგდიდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს.

მატჩის მესამე წუთზე ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა სახიფათო იერიში აწარმოეს. ვიტ ჯორჯიელთა კარში გიორგი ბულიამ დაარტყა, თუმცა ჩვენი კიპერი, ჯონი შეროზია, ბურთს ადგილზე დაუხვდა და ხიფათის განიმუხტა. ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად ჩაირბინა, ჩამოიტოვა რამდენიმე მეურვე, გადაცემა გიორგი ჭანკოტაძის მიმართულებით გააკეთა, რომლის დარტყმულიც მასპინძელთა მცველს მოხვდა ხელზე. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ბაკურ ნინუამ, მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე ზურაბ ღირდალაძემ აიღო, რომლის პირველი დარტყმულიც ვახტანგ ჯომიდავამ მოიგერია, დამატებაზე კი ზურაბ ღირდალაძემ ზუსტად დაარტყა - 1:0. შეხვედრის 34-ე წუთზე კუთხურიდან გიორგი ჭანკოტაძემ პირდაპირ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ალეკო ჩაკვეტაძემ, კარისკენაც დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვეტერინარებმა კიდევ ერთი კუთხური მოაწოდეს, გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი საჯარიმოში გაგზავნა, სადაც ბურთი ზურაბ ღირდალაძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა მეკარისაგან დაუცველ კუთხეში დაარტყა და გაიტანა - 2:0.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. შეხვედრის 52-ე წუთზე თამაზ აკობიამ შორი მანძილიდან დაარტყა ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ, ჯონი შეროზიამ კი ლამაზ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 55-ე წუთზე მცველთა შეცდომით ზურაბ ღირდალაძემ ისარგებლა, რომელმაც მეტოქეს ბურთი მოპარა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ჰეთთრიქი შეასრულა - 3:0. შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ჯონი შეროზიას ჩვენი გუნდის კარის გადარჩენა კიდევ ერთხელ მოუხდა, ამჯერად მან ცოტნე სამუშიას დარტყმული ბურთი მოიგერია. უკანასკნელ წუთებში თენგიზ კობიაშვილის შეგირდებს ორჯერ მიეცათ გოლის გატანის შესაძლებლობა. მატჩის 89-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა ვერ დაარტყა ზუსტად და ახლო მანძილიდან ააცილა სამიზნეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ცოტნე მოსიაშვილის ჯარიმიდან დარტყმულმა ბურთმა მცირედით ჩაუქროლა ზუგდიდელთა კარს.
 
ზუგდიდი 0:3 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 ღირდალაძე (7’) 0:2 ღირდალაძე (45’) 0:3 ღირდალაძე (55’)
 
ზუგდიდი: ჯომიდავა, ლევან აკობია, მალანია (ფიფია 46’), თამაზ აკობია, მალანია, დათა ქირია, ჟვანია (ხუბუა 46’), გოლუბკა, ფარჯიკია, სამუშია, ბულია (ფიფია 70’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, ტეტუნაშვილი, ჩიტიშვილი, ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 70’), ღუდუშაური (გაბრიჩიძე 80’), ღირდალაძე (კახაბრიშვილი 75’)

გაფრთხილება: აკობია, დათა ქირია
 
უკან დაბრუნება