ვიტ ჯორჯია 1:2 სამტრედია [ფოტო+ვიდეო]

15 მარტი 2017
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ მცხეთაში, საკუთარ მოედანზე, სამტრედიის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართა. დაძაბულ და მომენტებით დახუნძლულ შეხვედრაში ვეტერინარები - 1:2 დამარცხდნენ. დღევანდელ მატჩს მცხეთა პარკზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედის მეშვიდე წუთზე ანგარიში სამტრედიელებმა გახსნეს. თეიმურაზ მარკოზაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა, თავგანწირული მცდელობის მიუხედავად ასხლეტილი ბურთის მოგერიება ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ ვერ შეძლო და სტუმრებიც დაწინაურდნენ - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ თენგიზ კობიაშვილის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და არაერთი სახიფათო შეტევაც აწარმოეს. დაპირისპირების 16-ე წუთზე, მოქმედი ჩემპიონის კარში, გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდა შოთა დავლაშელიძეს, რომელმაც პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და სამტრედიელთა კარს საკმაო მანძილით ააცილა. ორიოდე წუთში ანგარიშის გათანაბრება შალვა ექვთიმიშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმულიც ასცდა სამიზნეს. შეხვედრის 32-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შორი მანძილიდან გიორგი მჭედლიშვილმა დაარტყა, თუმცა ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელთა მეკარემ გიორგი ბერიაშვილის დარტყმულის მოგერიებაც მოახერხა.

მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პაატა ღუდუშაურმა, ზუსტად დაარტყა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა - 1:1. გოლიდან სამ წუთში გიორგი ჭანკოტაძის ჩინებული პასის შემდეგ, პაატა ღუდუშაური სამტრედილეთა მეკარესთან კვლავ პირისპირ გავიდა, ამჯერად მისი დარტყმული ბურთი, ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 73-ე წუთზე სამტრედიელები ანგარიშში კვლავ წინ გავიდნენ, თეიმურაზ მარკოზაშვილის დარტყმულის შემდეგ, ბურთი რევაზ ჩიტიშვილს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში გაეხვა - 1:2. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ანგარიშის გათანაბრება, შეცვლაზე შემოსულ, კახა კახაბრიშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა სამტრედიელთა კარს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სამტრედიელთა კარის აღებას ბადრი ტეტუნაშვილი შეეცადა, მისი დარტყმული კარს ზემოდან გადაევლო და შეხვედრაც დასრულდა.
 
ვიტ ჯორჯია 1:2 სამტრედია
გოლები: 0:1 მარკოზაშვილი (7’) 1:1 ღუდუშაური (50’) 1:2 მარკოზაშვილი (73’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, ტეტუნაშვილი, ჩაკეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე (ვაზაგაშვილი 82’), ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე (კახაბრიშვილი 77’), ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 77’), ღუდუშაური, ღირდალაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, სუხომლინოვი, მანჯგალაძე (გოგიაშვილი 63’), დათუნაიშვილი, ბერიაშვილი (სამუშია 57’), რაჟამაშვილი (ახალაძე 90’), ჩაგელიშვილი, მარკოზაშვილი
 

უკან დაბრუნება