ვიტ ჯორჯია II გათამაშება გამარჯვებით დაიწყო

23 მარტი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა. მეოთხე წუთზე გიორგი თიგიშვილმა კუთხურიდან ჩამოაწოდა, დასწრებაზე კარგად ითამაშა ბექა გურასაშვილმა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მეტოქის კარი აიღო - 1:0. სტუმრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. მეშვიდე წუთზე გიორგი ზარდიაშვილმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა, ბურთი კარის ძელს მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეხვა ბადეში - 1:1. გაშვებული ბურთის შემდეგ მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, მეცხრე წუთზე კუთხურიდან საჯარიმოში კვლავ გიორგი თიგიშვილმა ჩამოაწოდა, თავით ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და კარს ააცილა ირაკლი კამლაძემ. შეხვედრის 22-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სტუმრთა კარში მორიგი გოლი გაიტანეს. გოლი ამჯერადაც საჯარიმოში ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, გიორგი თიგიშვილის ჩაკიდებულ ბურთს თავი გიორგი ამაშუკელმა დაარტყა და გაიტანა - 2:1.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა და პირველი ნახევრისგან განსხვავებით, სახიფათო მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა. ბურთზე კონტროლი ძირითადად ვიტ ჯორჯიელებს ჰქონდათ და ტერიტორიულ უპირატესობაც ფლობდნენ, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ზუსტი დარტყის შესრულებას ვერ ახერხებდნენ. დაპირისპირების 70-ე წუთზე ანგარშში სხვაობის ორამდე გაზრდა შეეძლო ირაკლი კამლაძეს, რომლის თავური დარტყმაც მეკარე კუთხურზე მოიგერია. შეხვვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს, გადმოვარდნილი ბურთთან პირველი ზვიად ნაჭყებია აღმოჩნდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი გაშვებული გოლისგან კარის ხარიხამ იხსნა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:1 საქართველოს უნივერსიტეტი
გოლები: 1:0 გურასაშვილი (4’) 1:1 ზარდიაშვილი (7’) 2:1 ამაშუკელი (22’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, სეხნიაშვილი, ამაშუკელი, დანელია, მაზანაშვილი, კამლაძე, თიგიშვილი, სამსონია (ნაჭყებია 71’), თაგვაშვილი (მუსელიანი 80’), გურასაშვილი, გვასალია (ზარიძე 76’)

საქართველოს უნივერსიტეტი: ახალაია, ტყავაძე, პაპიძე (გიორგაძე 88’), ქორიძე, შაყულაშვილი, კიკნაძე, მაისურაძე, ქალიაშვილი, ბიბილაშვილი, ვაშაკიძე (დავითაშვილი 41’), ზარდიაშვილი

გაფრთხილება: გურასაშვილი - ქორიძე, დავითაშვილი

 
უკან დაბრუნება