19-წლამდელებმა დილა დაამარცხეს

24 მარტი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, 19-წლამდელთა პირველობის მესამე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. მერაბ კოჭლაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გორის დილას თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. შეხვედრა ვეტერინართა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ანგარიში დაპირისპირების მერვე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფლანგზე თავისუფალ ზონაში გაკეთებულ გადაცემას ზვიად ნაჭყებიამ დროულად ჩაუსწრო, ერთი შეხებით საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა ირაკლი ზარიძემ, მის პირველ დარტყმულს მცველი გადაეღობა, გამეორებითი გასროლით კი ბურთი გორელთა კარის ბადეში გაახვია - 1:0. დაპირისპირების 28-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელები გოლისგან ხარიხამ იხსნა, შორი მანძილიდან ოთარ ანანიაშვილი ურტყამდა. ორ წუთში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ნიკა კალანდარიშვილის ჩაწოდების შემდეგ კარში ზაურ კერელეიშვილმა დაარტყა და გაიტანა - 1:1. შეხვედრის 34-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს კვლავ შეეძლოთ ანგარიშში წინ გასვლა. გოჩა ჯამარაულის ჩაწოდებულ ბურთს გიორგი გვასალიამ თავი დაარტყა, თუმცა ახლო დისტანციიდან კარს საკმაო მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 52-ე წუთზე, ირაკლი ზარიძემ გამოზომილი პასით გიორგი გვასალიას გადააწოდა, რომელმაც ბურთი ცენტრისკენ შემოიტანა, საჯარიმოში თავისუფალ პოზიციაში მყოფ ზვიად ნაჭყებიას გადააწოდა და ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ვეტერინარებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს. გატანილი გოლით თავი ამჯერად გიორგი გვასალიამ გამოიჩინა - 3:1.
 
ვიტ ჯორჯია U19 3:1 დილა U19
გოლები: 1:0 ზარიძე (8’) 1:1 კერელეიშვილი (28’) 2:1 ნაჭყებია (52’) 3:1 გვასალია (80’)
 
ვიტ ჯორჯია U19: ტაბეშაძე, ჭუმბურიძე, ამაშუკელი, მენაბდიშვილი, მეტრეველი, მელიქიდისი (მამალაძე 46'), ნაჭყებია, ჯამარაული, თაგვაშვილი (მუსელიანი 46'), ზარიძე, გვასალია (სვანიძე 82')

დილა U19: არსენაძე, კერელეიშვილი, ნოზაძე (დავითულიანი 53'), რაჟამაშვილი, ტერმაკოზაშვილი, დოლიძე, ბერიძე, ქსოვრელი (სიდამონიძე 53'), კალანდარიშვილი, ბალარჯიშვილი, ანანიაშვილი

გაფრთხილება: თაგვაშვილი, ზარიძე, გვასალია  - ბალარჯიშვილი
უკან დაბრუნება