დინამო თბილისი 3:4 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

26 მარტი 2017
დღეს, ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე, ვიტ ჯორჯიამ საკონტროლო შეხვედრა გამართა. ვიტ ჯორჯიელებმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხეს.

ვეტერინარები შეხვედრის საწყისი წუთებიდან მწვავედ უტევნდნე მეტოქეს. თენგიზ კობიაშვილის შეგირდები მოედნის ცენტრში უპირატესობას ფლობდნენ და მოწინააღმდეგეს ბურთის თავისუფლად მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩის მეცხრე წუთზე კახა კახაბრიშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა და მცირედით ააცილა დინამოელთა კარს. სამ წუთში მასპინძელთა კარის აღება გიორგი ჭანკოტაძემ სცადა, მაგრამ სიზუსტემ მასაც უმტყუნა და ბურთმა კარს ჩაუქროლა. ვეტერინარებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა 26-ე წუთზე ანგარიშშიც ასახეს. ზურბ ღირდალაძემ, რომელსაც საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მეკარე აქტიურად ეთამაშებოდა, დროული გადაცემა გაუკეთა კარგ პოზიციაში მყოფ კახა კახაბრიშვილს, ამ უკანასკნელმა ცარიელი დაუცველი კარისკენ ძლიერად გაისროლა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზი გადაკვეთა - 1:0. დაპირისპირების 31-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის გაზრდა ცოტნე მოსიაშვილს შეეძლო, რომლის დარტყმულიც დინამოელთა კარს ასცდა. გოლის გატანის კარგი შესაძლელობა ჰქონდა გიორგი ჭანკოტაძეს, რომლის დარტყმულიც დაპირისპირების 35-ე წუთზე დინამოელთა კიპერმა, გიორგი ბეგაშვილმა, დაიმორჩილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა - 1:1.

მეორე ნახევარში ვეტერინართა თავკაცმა ცვლილელები განახორციელა და მოედანზე ექვსი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა. დაპირისპირების 55-ე წუთზე დინამოელთა შეტევა გოლით დასრულდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დავით საჯაიამ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:2. გაშვებულის გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, მატჩის 60-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში შესული კი დინამოელთა მცველმა წააქცია, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად თავად დაზარალებული გაეშურა. მისი პირველი დარტყმული დინამოს უკრაინელმა მეკარემ, სერგეი ლიტოვჩენკომ მოიგერია, დამატებაზე კი კვლავ ღუდუშაური იყო პირველი და თავური დარტყმით გაათანაბრა - 2:2. შეხვედრის 68-ე წუთზე კვლავ პაატა ღუდუშაურმა აიღო დინამოელთა კარი, შეტევის მარცხენა ფრთიდან დინამოელთა საჯარიმოში შეჭრილმა ვიტ ჯორჯიელმა მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა - 3:2. დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ მოახერხეს, 72-ე წუთზე გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე საჯარიმოში ბადრი ტეტუნაშვილმა ჩააწოდა, ბურთი საბოლოოდ შოთა დავლაშელიძეს მიუვიდა, რომელმაც ვარდნაში ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 4:3.
დინამო თბილისი 3:4 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 კახაბრიშვილი (26’) 1:1 ლობჟანიძე (35’) 2:1 საჯაია (ავტოგოლი 55’) 2:2 ღუდუშაური (60’) 2:3 ღუდუშაური (68’) 3:3 მიქელთაძე (72’) 3:4 დავლაშელიძე (90’)

დინამო: ბეგაშვილი, მიშენკო, სალუქვაძე, ჩადუნელი, თევზაძე, ქარდავა, ზარია, მესხი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, კვერნაძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლიტოვჩენკო, კვარაცხელია, სილაგაძე, გამცემლიძე, პაპუნაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 46’), საჯაია (კამლაძე 75’), ჩაკვეტაძე (ჩიტიშვილი 46’), ტეტუნაშვილი, მუხულიშვილი (გიგა გურეშიძე 46’), მოსიაშვილი, გურამ გურეშიძე (ექვთიმიშვილი 46’), ჭანკოტაძე (ღუდუშაური 46’), კახაბრიშვილი, ღირდალაძე (დავლაშელიძე 46’), ვაზაგაშვილი

 
უკან დაბრუნება