ცხინვალი 1:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

31 მარტი 2017
დღეს, რუსთავის ფოლადის სტადიონზე, ეროვნული ლიგა ორის მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. თენგოზ კობიაშვილის გაწვრთნილი გუნდი გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. შეხვედრის 15-ე და 18-ე წუთებზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, აბდულა ბასლეჰლომ, მასპინძელთა რიგებიდან სანდრო ქრისტესიაშვილი და ლუკა გადრანი გააფრთხილა, პირველმა მათგანმა პაატა ღუდუშაური წინააღმდეგ იუხეშა, მისი თანაგუნდელი კი ღირდალაძესთან დუელში დაჯარიმა. მატჩის 19-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტი ვეტერინარებმა კარისკენ დაარტყეს, თუმცა გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს გაარტყა და მომენტიც განიმუხტა. შეხვედრის 25-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი მწვავე სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი ამჯერადაც კედელად აღმართულ მოწინააღმდეგ გაარტყა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ცხინვალის ფეხბურთელებმა ჩვენი გუნდის კარს მწვავედ პირველად შეუტიეს. ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ გივი იოსელიანმა დაარტყა და ააცილა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ცხინვალის კარის მიმართულებით შორიდან დაარტყა, ძლიერად წასული ბურთი მასპინძელთა უკრაინელმა მეკარემ, ვოლოდიმირ მელნიჩენკომ უხერხულად მოიგერია, დამატებაზე გოლის გატანას გურამ გურეშიძე შეეცადა, რომლის დარტყმულიც ადვილად დაიმორჩილა მეკარემ.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, რომელმაც თამაზ მაქაცარიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. შეხვედრის 56-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის გადაცემის შედეგად მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა პაატა ღუდუშაური, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მასპინძლებს გოლის გატანის კარგი შესაძლელობა დაპირისპირების 64-ე წუთზე თამაზ მაქაცარიას მიეცა, რომელმაც ახლო დისტანციიდან მცირედით ააცილა კარს. შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად კახა კახაბრიშვილი გაეშურა, რომელის დარტყმულიც მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. შეხვედრის 90-ე წუთზე ცხინვალის კარში შოთა დავლაშელიძემ დაარტყა, დამატებაზე რევაზ ჩიტიშვილმაც ცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მეკარემ განმეორებით ცდაზე ბურთის დამორჩილება მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლის ავტორად შეცვლაზე შემოსული ნიკა წივწივაძე მოგვევლინა.
 
ცხინვალი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: წივწივაძე (90+3’)
გამოუყენებელი პენალტი: კახაბრიშვილი 81’
 
ცხინვალი: მელნიჩენკო, იოსელიანი, სულთანიშვილი, მაქაცარია, ცერცვაძე, გადრანი, კასრელიშვილი, თათხაშვილი, ქრისტესიაშვილი (წივწივაძე 90+2’), გვალია (კენჭაძე 75’), ლეჟავა

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საჯაია, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი (მოსიაშვილი 65’), გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (ვაზაგაშვილი 82’), ღუდუშაური, ღირდალაძე (კახაბრიშვილი 72’)

გაფრთხილება: ქრისტესიაშვილი, გადრანი - ჩიტიშვილი, ღუდუშაური
გაძევება: ქრისტესიაშვილი
 
უკან დაბრუნება