U-19 ლიგა. ვიტ ჯორჯიამ სიონი დაამარცხა

03 აპრილი 2017
დღეს, ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც, მერაბ კოჭლაშვილი გახლავთ, მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ვიტ ჯორჯიელები გასვლით მატჩში ბოლნისის სიონის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯიელებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ჩვენი იერიშების შეჩერება მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უმეტეს შემთხვევაში ჯარიმის ხარჯზე უხდებოდათ. მატჩის 17-ე წუთზე შორი დისტანციიდან დანიშნული საჯარიმოდან კარისკენ გიორგი თიგიშვილმა დაარტყა, ბოლნისელთა კიპერს, ლაშა მეგენეიშვილს, ამ ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია. დაპირისპირების 21-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი, გიორგი ხვადაგიანი, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდა და მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. სტანდარტიდან კარისკენ კვლავ გიორგი თიგიშვილმა დაარტყა და ააცილა. ოთხ წუთში გიორგი თიგიშვილმა კიდევ ერთი სტანდარტი შეასრულა, ამჯერად ბევრად უფრო ხელსაყრელი დისტანციიდან ააცილა კარს. შეხვედრის 30-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან იოსებ ქობულაძემ დაარტყა, კარში წასული ბურთი ვეტერინართა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ, ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 38-ე წუთზე ბოლნისელთა თავდამსხმელი, ირაკლი ბურნაძე, ჩვენი გუნდის კიპერთან პირისპირ დარჩა, მამია ტაბეშაძემ ამჯერადაც იყოჩაღა და მეტოქის დარტყმული ბურთის დამორჩილება მოახერხა.

მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე, პოზიცია დაკარგული ბოლნისელი კიპერი შენიშნა ზურაბ მუსელიანმა, რომელმაც შორი დისტანციიდან დაარტყა, ბურთი კარს ზემოდან გადაევლო. შეხვედრის 57-ე წუთზე ირაკლი ზარიძის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო იოსებ ქობულაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი თიგიშვილმა ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ჯაბა მენაბდიშვილმა, ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0. დაპირისპირების 62-ე წუთზე მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებს კიდევ ერთი ბურთის გატანა მართებდათ. კარგი პრესინგის შედეგად ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქე გუნდის მცველებს შეცდომა დააშვებინეს, ბურთი მოიპოვეს და ხელსაყრელი პოზიციიდან გიორგი გვასალიამ კარს ააცილა. შეხვედრის 70-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ბოლნისელთა კარი კიდევ ერთხელ აიღეს. მასპინძლები საკუთარ ნახევარზე კვლავ დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან კარისკენ გიორგი თიგიშვილმა დაარტყა, ბურთი კარისკენ ძლიერად და ზუსტად წავიდა და საბოლოოდ კარის ბადეში გაეხვა - 2:0. ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთი გოლის გატანის საშუალება მატჩის 77-ე წუთზე მიეცათ, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბუზარიაშვილმა ორთაბრძოლაში ბურთის მოპოვება მოახერხა, მეტოქის საჯარიმოშიც შევიდა, თუმცა ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო და ბურთი საბოლოოდ ბოლნისელთა კიპერის ნადავლი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.

ვიტ ჯორჯიელებს ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან, პირველ-მეორე ადგილზე მყოფ დინამოსა თბილისსა და ლოკომოტივს, რომელთაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, 3 ქულით ჩამორჩებიან. ჩვენი 19-წლამდელები მომდევნო ტურის შეხვედრას გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, დინამო თბილისის წინააღმდეგ მცხეთა პარკზე 11 აპრილს გამართავს.

U-19 ლიგა
სიონი ბოლნისი 0:2 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 მენაბდიშვილი (57') 0:2 თიგიშვილი (70')

სიონი: მეგენეიშვილი, ერქვანიძე, ხეცურიანი, მარციაშვილი, მარტყოფელაშვილი, აშორტია (ნასიბაშვილი 60'), ლომაძე, ხვადაგიანი (გიორბელიძე 81'), აწყურელი, ბურნაძე (მანდარია 65'), ქობულაძე

ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, მენაბდიშვილი, ამაშუკელი, ჭუმბურიძე (მეტრეველი 39'), ნაჭყებია, თიგიშვილი, ჯამარაული (თაგვაშვილი 58'), მელიქიდისი, ზარიძე, მუსელიანი, გვასალია (ბუზარიაშვილი 63')

გაფრთხილება: ხეცურიანი, ხვადაგიანი, ლომაძე, ქობულაძე - მენაბდიშვილი, მელიქიდისი
უკან დაბრუნება