ვიტ ჯორჯია II 5:0 მესხეთი

04 აპრილი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯფუფის მესამე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდება მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ მესხეთს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯია II სათამაშო უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა. მატჩის მეხუთე წუთზე მესხეთის კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა ვიტ ჯორჯიელებმა გაითამაშეს, ირაკლი კამლაძემ ბურთი გიორგი თიგიშვილს დაუგორა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის მეთორმეტე წუთზე ანგარიშის გასხნა შეეძლო გიორგი მამალაძეს, რომელსაც ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმა არ გამოუვიდა, მესხეთის კიპერმა, გიორგი ტატუაშვილმა, ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ მშვიდად გააცილა. ვიტ ჯორჯიელთა კარს სტუმრებმა პირველად შეხვედრის 15-ე წუთზე შეუტიეს. მესხეთის ნახევარმცველმა, დავით ლაზარიაშვილმა, კარისკენ შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა დაპირისპირების 22-ე წუთზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს, შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე ბექა გურასაშვილი გავიდა, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი თიგიშვილმა ჩამოაწოდა, მეორე სართულზე კარგად ითამაშა შეტევაში ჩასულმა ზურაბ სეხნიაშვილმა, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველი გახლავთ, თავით დაარტყა და ანგარიშიც გახსნა - 1:0. ორ წუთში გიორგი გვასალიამ გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან, რომელმაც ხეირიანად ვერ დაარტყა და საბოლოოდ მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. შეხვედრის 36-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. კუთხურიდან მესხეთის საჯარიმოში კვლავ გიორგი თიგიშვილმა ჩააწოდა, კარისკენ ირაკლი კამლაძემ თავით დაარტყა და ბურთი ბადეში გაახვია - 2:0.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი გვასალიამ კარში დარტყმას პასის გაკეთება ამჯობინა, გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ბექა გურასაშვილმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა - 3:0. შეხვედრის 58-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ კვლავ დავით ლაზარიაშვილმა დაარტყა და ამჯერად საქმეში ჩართვა ჩვენი გუნდის კიპერს, ლევან ისერგიშვილს მოუხდა, რომელსაც ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია. მატჩის 63-ე წუთზე სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა შეეძლო გიორგი შეროზიას, რომელის მესხეთის კიპერთან პირისპირ დარჩა, კარისკენაც დაარტყა, თუმცა ააცილა. შეხვედრის 75-ე წუთზე გოგა დანელიას კარგი გადაცემის შემდეგ, გიორგი თაგვაშვილმა ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა - 4:0. საფინალო რეზულტატი კი 87-ე წუთზე დაფიქსირდა. მესხეთის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმით გოლი ირაკლი კამლაძემ გაიტანა - 5:0.
 
ვიტ ჯორჯია II 5:0 მესხეთი
გოლები: 1:0 სეხნიაშვილი (23’) 2:0 კამლაძე (36’) 3:0 გურასაშვილი (46’) 4:0 თაგვაშვილი (75’) 5:0 კამლაძე (87’)
 
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, დანელია, კამლაძე, სეხნიაშვილი, შეროზია, თაგვაშვილი, მამალაძე, კვაშილავა, გურასაშვილი (მაზანაშვილი 59’), თიგიშვილი (ზარიძე 78’), გვასალია (მუსელიანი 63’)

მესხეთი: ტატუაშვილი, ლეკიშვილი, ზედგინიძე, სარალიძე, ბერიძე, ზამბახიძე, ბალახაძე, ლიპარიშვილი (იგითხანიანი 69’), ლაზარიაშვილი, მაისურაძე (გორელიშვილი 32’), გევორქიანი

გაფრთხილება: გევორქიანი
უკან დაბრუნება