ვიტ ჯორჯია 1:3 მერანი მარტვილი

05 აპრილი 2017
ეროვნული ლიგა ორის მეხუთე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით - 1:3 დამარცხდა.
 
შეხვედრის სტარტი ვიტ ჯორჯიელთათვის კარგს მოასწავებდა. მატჩის მეშვიდე წუთზე მერანის კარის მიმართულებით საჯარიმოს მისადგომებიდან პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 14-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა დათო საჯაიამ წინ გიორგი ჭანკოტაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა ბურთი შოთა დავლაშელიძეს გადააწოდა, რომლის დარტყმულიც აცდა კარს. ანგარიში ვეტერინარებმა 23-ე წუთზე გახსნეს. ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ მერანის კარში გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა - 1:0. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შესძლეს, შეხვედრის 29-ე წუთზე არც თუ ისე ძლიერი, თუმცა ზუსტი დარტყმის წყალობით წონასწორობა ვაჟა ლომაშვილმა აღადგინა - 1:1. ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, დაპირისპირების 37-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლელობა ქონდა გიორგი ჭანკოტაძეს, რომლის დარტყმული ბურთიც მეტოქის კარს ზემოდან გადასცდა.
 
შეხვედრის მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსად დაიწყო. ბურთს ძირითადად ვიტ ჯორჯიელი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, თუმცა დამასრულებელფ ფაზაში კარში ზუსტად დარტყმას ვეღარ ახერხდებდნენ. სახიფათო გადმოგა მატჩის 57-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდის შორეული დარტყმა, ჩვენი გუნდის კიპერს, ჯონი შეროზიას საქმეში ჩართვა მოუწია. შეხვედრის 70-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ირაკლი რუხაძე გაეშურა, მისი დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კი კარში რევაზ გეწაძემ გადაგზავნა - 1:2. შეხვედრის 75-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა კახა კახაბრიშვილი, რომელმაც კარგად ვერ დაარტყა და საბოლოოდ ბურთი სტუმართა გუნდის კიპერმა, კუთხურზე მოიგერია. თამაშის 86-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა და ააცილა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მარტვილელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანაეს, ამჯერად თავი სერგეი ტრეტიაკმა გამოიჩინა - 1:3.
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, გიგა გურეშიძე (ტეტუნაშვილი 77'), ჭანკოტაძე, ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი (მუხულიშვილი 77'), საჯაია, დავლაშელიძე (კახაბრიშვილი 67')
 
მერანი: მამალაძე, ორბელაძე, ტეიდი, ბარაბაძე (ტრეტიაკი 60'), კურდღელაშვილი (გიორგაძე 46'), შულაია (რუხაძე 66'), მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე, გეწაძე
 
გაფრთხილება:  დავლაშელიძე, ღუდუშაური, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, ტეტუნაშვილი - კურდღელაშვილი, რუხაძე

 
უკან დაბრუნება